logo
ENG



თბილისის ვიცე-მერის მიმართ კითხვები სუს-ის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს აქვს

04 მარ 202020:02
3 წუთის საკითხავი
 

ამზადებს თუ არა საქმეს ვიცე მერის წინააღმდეგ საგამოძიებო უწყება - „ფორმულასთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ კითხვები ირაკლი ხმალაძის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს აქვს. გამოძიების საგანი შესაძლოა, ის უძრავი ქონება გახდეს, რომელიც ხმალაძეს მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. მიწა, კერძო სახლი ლისზე, ქალაქის ხედით, აუზით და რემონტი, რომელშიც ჩინოვნიკმა 500 ათას ლარზე მეტი გადაიხადა. 

არადა ქონებრივი დეკლარაციიდან ჩანს, რომ ვიცე-მერის ერთადერთი შემოსავალი საჯარო მოსამსახურის ხელფასია. ვიცე-მერი დეკლარაციაში უთითებს, რომ მისი და მისი მეუღლის წლიური შემოსავალი 100 ათას ლარს არ აღემატება. არ აქვს ბიზნესი. თუმცა დოკუმენტის მიხედვით, სახლის მშენებლობისთვის აღებული აქვს 85 ათას ევროიანი იპოთეკური სესხი. „ფორმულას“ ანონიმური წყარო უყვება, რომ კახი კალაძის მოადგილის საქმიანობით საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ. 

ვიცე-მერმა დღეს მედიასთან გამოჩენაზე უარი განაცხადა. კახი კალაძემ კი „ფორმულას“ ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს მის მოადგილესთან შეკითხვები აქვს, უარყო.

„ფორმულას“ წყარო უყვება, რომ ანტიკორუფციულ სამსახურში თბილისის მერიის და მისი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საჩივრებია დაგროვილი და მერიის თანამშრომლების ნაწილს გამომძიებლების კითხვებზე პასუხის გაცემა უკვე მოუწია. კალაძემ დღეს ეს ინფორმაცია უარყო. თუმცა ეს გაფრთხილება მის თანამშრომლებს, მათ შორის მოადგილეებს, რამდენიმე კვირის წინ, მთავრობის სხდომაზე საჯაროდ მისცა. 

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ერთ-ერთია, ვისი საჩივარიც მერიის წინააღმდეგ, ანტიკორუფციულ სამსახურში დევს. მისი ინფორმაციით, მშენებლობებთან დაკავშირებით მიღებული საეჭვო გადაწყვეტილებების შესახებ საგამოძიებო უწყებაში კიდევ არაერთი განაცხადია. ეჭვობს, რომ კახა კალაძის რამდენიმე კვირის წინანდელი გაფრთხილება შემთხვევითი არ ყოფილა. 

ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების განცხადებით, ე.წ. ელიტური კორუფცია დღეს პრობლემაა, თუმცა საგამოძიებო უწყებების მხრიდან კითხვებზე პასუხის გაცემა მხოლოდ პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. 

მერიასთან დაკავშირებით შესული საჩივრების და დაკითხული ან დასაკითხი თანამშრომლების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს ინფორმაციის გაცემა არ ისურვა.


close დახურვა